вторник, 21 февраля 2012 г.

ლექსები


წავიდეთ! (მთაში)





ვერ გაგახსენე წარსული, 
კითხვით მიცქერი-ეს როდის? 
მე თოფისწამალს გაწვდიდი, 
შენ ქისტებს ტყვიას ესროდი. 
ბუხრის წინ მკლავი ეკიდა, 
აკვანში თვლემდა პატარა 
და სახლის უკან ბექიდან 
მოჩქეფდა მთების მათარა. 
ხეობის წყაროსთვალები 
ჭიუხებს თავზე იმხობდნენ, 
შენ თორღვა იყავ კაი ყმა, 
მე "ნინო ქალოს" მიხმობდნენ. 
ახოში ფუძე დაგვედო 
ხვითოთნაფერი ყანითა, 
კოშკი-სიპი ქვით ნაგები, 
სახლი ჭერხოზე ბანითა. 
ეზოში ყეფდა ბომბორა, 
ჭაღარა ბაბრის მომრევი, 
ხმაშეწყობილად მორბოდა 
ქვებზე არაგვის მორევი. 
გულს აგრილებდა ჩერო და 
მკლავებს ქანცავდა სათიბი, 
შენ ტალავარი გშვენოდა, 
მე-სადიაცო ქათიბი. 
ხან ხატისკარზე შევდგამდით 
ფეხს ძღვენითა და საკლავით, 
მე ქადა-ხავიწს შევკრავდი, 
შენ თაფლის სანთელს აკრავდი. 
ხან მომიტანდი პირიმზეს, 
ხან პერანგს დაგიქარგავდი, 
ხან ვიცინებდით ქილიკზე 
-
სხვა ცოლ-ქმარს რატომ არ ვგავდით. 
აქ მზის ტალღებზე ტყდებოდა 
ცა,ბედისწერის თითებში 
აქ სული განა კვდებოდა? 
კვლავ ცოცხლდებოდა მითებში. 
წავიდეთ!ის ხეობები 
მთებს ახლაც თავზე იმხობენ, 
შენ დღესაც თორღვა-კაი ყმას, 
მე ნინო ქალოს მიხმობენ.
/ნინო ჭინჭარაული/



ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
ამოზიდული დიდგორსა,
შვიდპირად მაკრავს ღრუბელი
გველი მილოკავს ლიბოსა.
ვერ იქამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა.
ხმალი მომეცი, სამკლავე,
ფარიც აქ გვერდით იდოსა,
ამოვყვე,ქშენით ამოვძოვ
სასხლით დაღვარულ მინდორსა.
მოყვარეს მოყვრის მივუზღო,
მტერმა კი სამტრო ზიდოსა.
მერე ჩამიქრეს ნათელი,
მზე წითლად დამებინდოსა...
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
მტრის რისხვად მდგარი დიდგორსა.

ტარიელ ხარხეალაური

Комментариев нет:

Отправить комментарий